ტიციან ტაბიძის პოეტური სისტემის ანალიზი XIX საუკუნის ქართული პოეზიის კონტექსტში

Main Article Content

ხატია შევარდნაძე

ანოტაცია

სტატიაში განხილულია ტიციან ტაბიძის პოეტური სამყაროს კვლევა XIX საუკუნის ქართული
ლიტერატურული ტრადიციის კონტექსტში და მიზნად ისახავს იმ მრავალმხრივი ლიტერატურული კავშირების
გამოვლენას, რომლებიც განსაზღვრავს პოეტის შემოქმედებით ბუნებას. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება
ეთმობა ტიციან ტაბიძის შემოქმედებითი განვითარების ეტაპობრივ ხასიათს, რაც ნათლად წარმოაჩენს მის
დამოკიდებულებას ქართული კლასიკური მემკვიდრეობისადმი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ტიციან
ტაბიძის შემოქმედების საწყისი ეტაპი მჭიდროდ არის დაკავშირებული XIX საუკუნის ქართული პოეზიის
ტრადიციებთან. ამ პერიოდში მისი პოეტური აზროვნება მნიშვნელოვნად ყალიბდება ნიკოლოზ ბარათაშვილის,
გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას
შემოქმედებითი გავლენით. მათი პოეტური გამოცდილება ტაბიძის ადრეულ ნაწარმოებებში აისახება როგორც
თემატიკაში, ასევე მხატვრულ სახეებსა და ემოციურ განწყობებში, რაც მისი შემოქმედების პირველ ეტაპს კლასიკურ
ქართულ ლიტერატურასთან განსაკუთრებული სიახლოვით გამოარჩევს. სიმბოლისტური ესთეტიკისა და
„ცისფერყანწელთა“ ლიტერატურული მოძრაობის ფარგლებში, ტიციან ტაბიძის შემოქმედებაში აშკარად იკვეთება
კლასიკური მემკვიდრეობის გადაფასებისა და ახალი მხატვრული ფორმების ძიების ტენდენცია.
ამ ეტაპზე პოეტი ნაწილობრივ უპირისპირდება XIX საუკუნის ლიტერატურულ მოდელს, განსაკუთრებით
მის საზოგადოებრივ-რეალისტურ მიმართულებას, თუმცა ეს დაპირისპირება არ გულისხმობს ტრადიციის
უარყოფას, პირიქით, კლასიკური მემკვიდრეობა მისთვის რჩება მყარ საფუძვლად, რომლის კრიტიკული გადააზრება
და გარდაქმნა ახალი პოეტური ხედვის ჩამოყალიბების აუცილებელ პირობად იქცევა. ტიციან ტაბიძის შემოქმედების
გვიანდელ ეტაპზე აშკარად შეინიშნება დაბრუნება ეროვნულ პოეტურ ტრადიციებთან. ეს პროცესი გამოიხატება
კლასიკური მემკვიდრეობის ახლებურ გააზრებაში, სადაც წინაპარ პოეტთა გამოცდილება უკვე არა მხოლოდ
ისტორიულ საფუძვლად, არამედ თანამედროვე ესთეტიკური სინთეზის ორგანულ ნაწილად გვევლინება. ამრიგად,
ტიციან ტაბიძის პოეზია წარმოჩინდება როგორც უწყვეტი შემოქმედებითი მოძრაობა ტრადიციის, მისი კრიტიკული
გადააზრებისა და ხელახალი ინტეგრაციის მიმართულებით. მისი პოეტური სისტემა წარმოადგენს XIX საუკუნის
ქართული ლიტერატურისა და XX საუკუნის მოდერნისტული ძიებების დამაკავშირებელ მნიშვნელოვან
კულტურულ სივრცეს, რაც ტაბიძეს ქართული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და
მრავალშრიან ფიგურად წარმოაჩენს.

საკვანძო სიტყვები:
ტიციან ტაბიძე, ქართული სიმბოლიზმი, XIX საუკუნის ქართული პოეზია, ცისფერყანწელები, მოდერნიზმი, ლიტერატურული ტრადიცია.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა