პერინდოპრილის ეფექტურობა მარცხენა პარკუჭის უკუ რემოდელირებისას და კლინიკური შედეგები მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტისა და შემცირებული განდევნის ფრაქციის მქონე პაციენტებში ახლად დიაგნოსტირებულ (de novo) HFrEF-ის დროს
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენდა პერინდოპრილის ეფექტურობის შეფასება მარცხენა პარკუჭის (მპ)
რემოდელირების უკუგანვითარებაზე, ფუნქციურ სტატუსსა და 1-წლიან საერთო სიკვდილობაზე მიოკარდიუმის
მწვავე ინფარქტის (მმი) შემდგომ ახლად დიაგნოსტირებულ (de novo) HFrEF (გულის უკმარისობა დაქვეითებული
განდევნის ფრაქციით) პაციენტებში. მეთოდები: რეტროსპექტულად გაანალიზდა de novo HFrEF პაციენტების
კოჰორტა (n = 43, ბაზისური LVEF < 40%) მმი-ით. პაციენტები ოპტიმალური მედიკამენტური თერაპიის (GDMT)
ფონზე იღებდნენ პერინდოპრილს (ტიტრაციით 10 მგ-მდე დღეში). ექოკარდიოგრაფიული და კლინიკური
პარამეტრები შეფასდა ბაზისურად, 3 და 6 თვეზე. შედეგები: 6 თვის თავზე საშუალო LVEF მნიშვნელოვნად გაიზარდა
34.31 ±3.90%-დან 41.31 ±7.39%-მდე (p < 0.001), ამასთან, ძირითადი მატება (+5.72%) დაფიქსირდა საწყის 3 თვეში.
პარალელურად, მპ საბოლოო დიასტოლური (LVEDD) და საბოლოო სისტოლური (LVESD) ზომები შემცირდა
შესაბამისად 0.25 სმ-ით და 0.39 სმ-ით (p < 0.001). ასევე აღინიშნა ფილტვის არტერიის სისტოლური წნევის (PASP)
კლება (33.89-დან 29.74 მმ ვწყ.სვ-მდე, p < 0.001) და NYHA ფუნქციური კლასის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
კრეატინინისა და კალიუმის მაჩვენებლები დარჩა სტაბილური. დასკვნა: მმი-ის შემდგომ de novo HFrEF პაციენტებში
პერინდოპრილის ადრეული ჩართვა უზრუნველყოფს მპ რემოდელირების მყარ უკუგანვითარებას და პაციენტთა
გადაყვანას გაუმჯობესებული განდევნის ფრაქციის (HFimpEF) ფენოტიპში, თირკმლის უსაფრთხოების პროფილის
ფონზე.