გარემოსდაცვითი წიგნიერება - თანამედროვე განათლების პრიორიტეტი
Main Article Content
ანოტაცია
თანამედროვე სამყაროში გარემოსდაცვითი პრობლემები გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ
ეკოლოგიური, არამედ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც. დღევანდელ გამოწვევებს შორის ერთ-ერთ
უმთავრეს გამოწვევად რჩება გარემოს დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება და
ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივი გამოყენება. ამ პრობლემების გადასაჭრელად გადამწყვეტი მნიშვნელობა
აქვს ისეთი თაობის აღზრდას, ვისაც გააჩნია გარესამყაროს შეცნობის მაღალი უნარი - გარემოსდაცვითი ცნობიერება,
პასუხისმგებლობა და გარემოსთან ადაპტირების ქცევითი უნარები. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ როლს
ასრულებს გარემოსდაცვითი წიგნიერება (Environmental Literacy) - ინტეგრირებული კომპეტენცია, რომელიც
აერთიანებს ცოდნას, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, უნარებსა და ქცევებს, რომლებიც ადამიანს
საშუალებას აძლევს გააცნობიეროს ბუნებრივი გარემოს მნიშვნელობა და მიიღოს გონივრული გადაწყვეტილებები
მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით. გარემოსდაცვითი განათლება არ შემოიფარგლება
მხოლოდ ეკოლოგიური თემების სწავლებით და ცოდნის აკუმულაციით. იგი ასევე მოიცავს ღირებულებით
აღზრდას, აქტიურ მოქალაქეობას და პრაქტიკულ და პასუხისმგებელიან ქცევათა ფორმირებას. გარემოსდაცვითი
წიგნიერების ფორმირება აყალიბებს ეკოლოგიურად ცნობიერ მოქალაქეს (UNESCO, 2017), რომელსაც ესმის ბუნების
კანონზომიერებები და საკუთარი როლი ამ სისტემაში. სწორედ ამიტომ, გარემოსდაცვითი წიგნიერება დღეს
განიხილება როგორც განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი. მისი სწავლება წარმოადგენს ერთ-ერთ
ძირითად მიმართულებას თანამედროვე განათლების პოლიტიკასა და პრაქტიკაში, განსაკუთრებით
ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში.