სწავლების უნივერსალური დიზაინი ისტორიის გაკვეთილზე: მრავალფეროვანი საგანმანათლებლო საჭიროებების გათვალისწინების სტრატეგიები
Main Article Content
ანოტაცია
კვლევის მიზანს წარმოადგენს, შევისწავლოთ სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპების
იმპლემენტაციის შესაძლებლობები, ისტორიის სწავლების პროცესში, საბაზო საფეხურზე და შევაფასოთ მისი
გავლენა მოსწავლეთა სწავლის შედეგებზე, ჩართულობასა და ინკლუზიური გარემოს განვითარებაზე. სწავლების
ტრადიციული მოდელები, რომლებიც ორიენტირებულია „საშუალო" მოსწავლეზე, ვერ პასუხობს განსხვავებული
შესაძლებლობების, სწავლის სტილის და კოგნიტური უნარების მქონე მოსწავლეთა საჭიროებებს. ისტორიის
სწავლებაში ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ჭარბობს ვერბალური, ტექსტზე დაფუძნებული
სწავლების მეთოდები, რომლებიც ხშირად იქცევა ბარიერად დისლექსიის, ყურადღების დეფიციტის, სენსორული
შეზღუდვების ან სხვა სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის. კვლევა განხორციელდა დიზაინზე დაფუძნებული
კვლევის მეთოდოლოგიის გამოყენებით 2024-2025 სასწავლო წელს. კვლევის ფარგლებში შემუშავდა და პრაქტიკაში
დაინერგა სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმები, რომლებიც
მოიცავდა წარმოდგენის მრავალფეროვნებას (ტექსტი, ვიდეო, ინფოგრაფიკა, აუდიო, ინტერაქტიული რუკები),
მოქმედებისა და გამოხატვის მრავალფეროვნებას (ესე, პრეზენტაცია, პოდკასტი, როლური თამაში, ვიდეო პროექტი)
და ჩართულობის დიფერენცირებას (თემების არჩევანი, თანამშრომლობის ფორმები, სირთულის დონე).
დიაგნოსტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ისტორიის სწავლების ტრადიციული მეთოდები არ ითვალისწინებს
მოსწავლეთა მრავალფეროვნებას და ხშირად იწვევს მარგინალიზაციის განცდას სპეციალური საგანმანათლებლო
საჭიროებების მქონე მოსწავლეებში. განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მნიშვნელოვანი პოზიტიური
ცვლილებები დაფიქსირდა: მოსწავლეთა ჩართულობა გაიზარდა 57%-დან 79%-მდე, აკადემიური მოსწრება
გაუმჯობესდა როგორც სპეციალური საჭიროებების, ისე ტიპური განვითარების მქონე მოსწავლებში, განსაკუთრებით
კრიტიკული აზროვნების, ისტორიული წყაროების ანალიზისა და ნარატივების კონსტრუირების უნარების კუთხით.
ნაშრომის შედეგები გამოყენებადია სახელმძღვანელოებში სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპების
ინტეგრაციისთვის, მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში ინკლუზიური სწავლების მეთოდების
დანერგვისთვის, შეფასების სისტემების დივერსიფიკაციისთვის და ინკლუზიური სასკოლო კულტურის
ფორმირებისთვის. სწავლების უნივერსალური დიზაინი წარმოადგენს სისტემურ პედაგოგიურ მიდგომას, რომელიც
საჭიროებს მასწავლებლების, ადმინისტრაციისა და მთლიანად საგანმანათლებლო სისტემის ერთობლივ
ძალისხმევას მდგრადი ცვლილებების მისაღწევად.