საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი ეროვნული მოძრაობისა და რელიგიური შემწყნარებლობის პროცესებში (1988-1992 წწ)

Main Article Content

ანა ეცადაშვილი

ანოტაცია

საქართველო კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი მრავალფეროვანი რეგიონია მსოფლიოს ქვეყნებს შორის
ეთნიკური, ლინგვისტური თუ რელიგიურ შემადგენლობით. ათასწლეულების მანძილზე ამ პატარა ქვეყნის
ტერიტორიაზე სხვადასხვა ეთნო-კულტურული ჯგუფების წარმომადგენლების თანაცხოვრებამ განაპირობა
მშვიდობიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება. ასეთი სისტემების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო
განსხვავებული კონფესიების და მათი ღირებულებების, ინტერესებისა და მოთხოვნილებების შეჯერებისათვის და
კონფლიქტების საფრთხის შემცირებისათვის. საქართველოში საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა სარწმუნოების
თანაარსებობა ქვეყნის კულტურული ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. განსაკუთრებით საინტერესოა ის
ფაქტი, რომ თბილისში ერთმანეთის სიახლოვეს საუკუნეების განმავლობაში მოქმედებდა მართლმადიდებლური
ეკლესია, სომხური ტაძარი, სინაგოგა და მეჩეთი, რაც რელიგიური მრავალფეროვნების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.
საბჭოთა პერიოდში საქართველო, კავშირის სხვა რესპუბლიკებს შორის, მრავალეროვნულობით გამოირჩეოდა.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სერიოზული ცვლილებები მოხდა ქვეყნის ეთნოსტრუქტურაში, მაგრამ
დღესაც, საქართველოში 120-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ცხოვრობს. საბჭოთა კავშირში
მოსახლეობის კონფესიური შემადგენლობა არ აღერიცხებოდა. მებრძოლი ათეიზმის ქვეყანაში ყველა რელიგია
„კანონგარეშე“, საზოგადოებრივი გაკიცხვისა და ისტორიული გადმონაშთის რანგში განიხილებოდა, რის გამოც
ოფიციალური სტატისტიკა აღმსარებლობის შესახებ არ არსებობდა. საქართველოში პირველად 2002 წელს დადგინდა
მოსახლეობის კონფესიური სტრუქტურა. აღწერით მთლიანი მოსახლეობის 88,6% ქრისტიანული აღმსარებლობისაა,
მაჰმადიანური მოსახლების რიცხვი - 9,9% შეადგენს, იუდეველებისა - 0,1%-ს, სხვების - 0,8%-ს და 0,6% არცერთს არ
მიაკუთვნებს თავს. ამრიგად, საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქვეყანაა, სადაც სხვადასხვა
რელიგიისა
და კულტურის წარმომადგენელთა თანაცხოვრებამ შექმნა შემწყნარებლობისა და
ურთიერთპატივისცემის მნიშვნელოვანი ისტორიული ტრადიცია. ეს მრავალფეროვნება დღესაც წარმოადგენს
საქართველოს კულტურული იდენტობის, საზოგადოებრივი სტაბილურობისა და სამოქალაქო თანაცხოვრების
არსებით საფუძველს.

საკვანძო სიტყვები:
„კავკასია“, „საქართველო“, „ეკლესია“, „რელიგია“, “ქრისტიანობა“, “ეროვნული მოძრაობა“.
გამოქვეყნებული: მაი 27, 2026

Article Details

სექცია
ისტორია და არქეოლოგია