ლიპიდური სპექტრის ცვლილებები ტიპი 1 დიაბეტის დროს და გლიკირებული ჰემოგლობინის სადიაგნოსტიკო ღირებულება
Main Article Content
ანოტაცია
ტიპი 1 დიაბეტით (T1D) დაავადებული პირები კლასიფიცირდებიან, როგორც გულ-სისხლძარღვთა
დაავადებების (გსდ) მაღალი რისკის მქონე პირები. დისლიპიდემია ტიპი 1 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და
განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ძირითადად დიაგნოზირებული არ არის და შესაბამისად არასაკმარისადაა
ნამკურნალები. კვლევის მიზანია გლიკირებული ჰემოგლობინის, როგორც საერთო ქოლესტერინის სადაგნოსტიკო
ტესტის პროგნოზული მახასიათებლების შეფასება. მასალა და მეთოდები: კვლევას საფუძვლად დაედო ტიპი 1
დიაბეტის მქონე 9-დან 18 წლამდე (13+2.82) ასაკის 230 ბავშვისა და მოზარდის ბიოქიმიური კვლევის მონაცემები,
კლინიკა მეგალაბის კონტინგენტიდან. შრატის საერთო ქოლესტერინი(TC) განისაზღვრა 12-საათიანი ღამის
შიმშილის შემდეგ, ოქსიდაზა-პეროქსიდაზას მეთოდით, Atellica® CH ანალიზატორის (Siemens Healthcare Diagnostics
Inc.) გამოყენებით. საერთო ქოლესტერინის დონე მომატებულად ჩაითვალა როცა (TC) ≥ 200 მგ/დლ. HbA1c-ს
სადიაგნოსტიკო ღირებულება დადგინდა ROC ანალიზის საშუალებით. შედეგები: HbA1c-ის ტესტი საერთო
ქოლესტერინის პროგნოზისათვის 8.45%-იანი ზღურბლით, ხასიათდება ზომიერი მგრძნობელობით (59.65%) და
მაღალი სპეციფიკურობით (87.28%), რაც მიუთითებს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი უფრო ეფექტურია საერთო
ქოლესტერინის (TC) მომატების დადასტურებისთვის, ვიდრე მისი სკრინინგისთვის. ზომიერია დადებითი შედეგის
პროგნოზული ღირებულება - 60.71%, მაღალია უარყოფითი შედეგის პროგნოზული ღირებულება - 86.78% და
დიაგნოსტიკური სიზუსტე - 80.43%. დასკვნები: HbA1c ≥8.45% შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სპეციფიკური
ინდიკატორი საერთო ქოლესტერინის მომატების სავარაუდო არსებობისთვის; HbA1c-ის შედარებით დაბალი
მგრძნობელობის გამო იგი არ გამოდგება როგორც სკრინინგის ერთადერთი მეთოდი.