კატულუსის სატრფიალო ლირიკა მის თანამედროვე ინტელექტუალურ კონტექსტში (ნაწილი I)
Main Article Content
ანოტაცია
თავის შემორჩენილ ლექსთა შედარებით მცირერიცხოვან კორპუსში კატულუსი დაახლოებით ოცჯერ
იხსენიებს სიყვარულის ღვთაებებს ვენუსსა და კუპიდოს. ზოგჯერ მათი სახელები, შესაძლოა, მხოლოდ სიყვარულის,
ლტოლვისა თუ სექსუალური მიმზიდველობის მეტონიმებად გვევლინებოდეს; თუმცა, თანამედროვე მკითხველს
შეიძლება გაუჩნდეს კითხვა: როგორ უნდა გავიგოთ ისეთი შემთხვევები, სადაც ღვთაებები უფრო
ინდივიდუალიზებულად არის წარმოდგენილი? მაგალითად, 68-ე ლექსში ნახსენები „ორსახიანი ქალღმერთი“, ან,
რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, 76-ე ლექსის დასასრულს ღმერთებისადმი მიმართული სასოწარკვეთილი
ვედრება. რამდენად გულისხმობენ ეს ლექსები ისეთი პერსონალური ღვთაებების არსებობას, რომლებიც ადამიანურ
საქმეებს განაგებენ? თუ ღვთაებათა ტრადიციული სახელწოდებები მხოლოდ მეტაფორული გამოთქმებია (façons de
parler) და ემსახურება იმის გადმოცემას, რასაც ჩვენ დღეს „ემოციებს“ ან „ლტოლვებს“ ვუწოდებთ? წინამდებარე
სტატიაში ეს საკითხები ორი ურთიერთდაკავშირებული პერსპექტივიდან განიხილება. კატულუსის პოეზია
ჩასმულია მისი ეპოქის ინტელექტუალურ კონტექსტში, კერძოდ, ციცერონისა და ლუკრეციუსის ნაშრომების ფონზე.
ორივე მათგანი, თუმცა, განსხვავებული მიდგომებით, სკეპტიკურად უყურებს ღვთაებრიობის ტრადიციულ
გამოსახვას, მაგრამ, ამავდროულად, ადასტურებს იმ რწმენათა სიცოცხლისუნარიანობასა და მნიშვნელობას,
რომლებსაც თავადვე აკრიტიკებენ. ამ ფონზე, განვიხილავ სიყვარულისა და ლტოლვის ორ ურთიერთგამომრიცხავ
მოდელს, რომლებსაც კატულუსი იყენებს: პირველი, როგორც თავისუფალი არჩევანით დადებული *foedus*
(„შეთანხმება“), რომელზეც ადამიანები სრულ პასუხისმგებლობას იღებენ; და მეორე - როგორც ღვთაებრივი ჩარევით
გამოწვეული სენი, რომლის წინააღმდეგაც მოკვდავ ადამიანს ლოცვის გარდა სხვა არაფერი დარჩენია. ეს
უკანასკნელი, უფრო ტრადიციული მოდელი, ჩემი აზრით, ასახავს ლტოლვასა და სხვა ვნებებზე ფიქრის იმ მდგრად
ფორმებს, რომლებსაც ეპიკურეიზმიც და სტოიციზმიც უპირისპირდებიან.