განტოლებით ან წრფივ განტოლებათა სისტემების გამოყენებით განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენის მეთოდური თავისებურებები
Main Article Content
ანოტაცია
სასკოლო პრაქტიკაში შესასწავლი ამოცანების სახეებს შორის ტექსტური ამოცანები წარმოადგენენ ყველაზე ფართო კლასს, რომელთა ამოხსნა იწყება სწავლების პირველივე გაკვეთილებიდან და გრძელდება სკოლის დამთავრებამდე. ამიტომ გასაკვირი არ არის ტექსტური ამოცანების შესწავლის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება. მეთოდურად გამართლებულად მიგვაჩნია განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენის სწავლება უნდა დაიწყოს ამ ამოცანების ამოხსნის სწავლების დაწყებისთანავე, ე.ი. სწავლების პირველივე კლასიდან. ამასთან დაცული უნდა იყოს ის მიდგომა, რომ განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენა უნდა მოხდეს ერთნაირი მეთოდური მიდგომით სწავლების სამივე საფეხურზე. მეთოდური თვალსაზრისით, აუცილებლად ვთვლით მოსწავლის მიერ შედგენილი ტექსტური ამოცანის ამოხსნას და მის ანალიზს. სტატიაში განხილულია განმავითარებელი და საძიებო ტექსტური ამოცანების შედგენა სქემით: „იგივეობა
→ განტოლება/განტოლებათა სისტემა → განმავითარებელი ან/და საძიებო ტექსტური ამოცანა“. მეთოდურად უმჯობესია ამ სქემის გამოყენება მოვახდინოთ ეტაპობრივად. პირველად განვიხილოთ სქემა: „იგივეობა → განტოლება/განტოლებათა სისტემა“, შემდეგ გადავიდეთ სქემაზე: „განტოლება/განტოლებათა სისტემა → განმავითარებელი ან/და საძიებო ტექსტური ამოცანა“. იმ შემთხვევაში, თუ კლასის მოსწავლეთა დონე საკმაოდ მაღალია მათემატიკაში, მაშინ მეთოდურად მიღწევადია უფრო რთული ტექსტური ამოცანების შედგენაც სქემით: „იგივეობა → განუსაზღვრელი განტოლება/განუსაზღვრელ განტოლება სისტემა → განმავითარებელი ან/და საძიებო ტექსტური ამოცანა“. განხილული გვაქვს პრაქტიკული მაგალითები და გაკეთებულია შესაბამისი მეთოდური დასკვნები.