როგორ გადაიზარდა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება (ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა) - გაურკვეველი ტიპის პროგრამულ-ვაუჩერულ დაფინანსებაზე
Main Article Content
ანოტაცია
დაფინანსების ვაუჩერულ სისტემაზე გადასვლის ძირითად მიზანი იყო საგანმანათლებლო
რესურსების თანაბარი გადანაწილება, დაფინანსების მანკიერი ცენტრალიზებული პრაქტიკის
საწინააღმდეგოდ, როცა მხოლოდ სკოლის თანამშრომელთა ხელფასები გაიცემოდა.
უნდა დაფინანსებულიყო ყველა მოსწავლის განათლება განურჩევლად კერძო და საჯარო
სექტორებისა და დაფინანსების ოდენობა უნდა ყოფილიყო თანაბარი.
რა მოხდა რეალობაში 2006 წლის იანვრიდან- დღემდე (2022 წლის ოქტომბერი), ვაუჩერული
დაფინანსების „უნივერსალური“ მოდელიდან ხელში შეგვრჩა გაურკვეველი, რიგ შემთხვევებში
დისკრიმინაციული ვაუჩერულ/პროგრამულ/საბაზო დაფინანსების მოდელი, რომლის ანალოგი არცერთ
ცივილურ ქვეყანაში არ არის.
ისმება კონკრეტული კითხვები, პასუხები კი არ არის. მაგ.:
- რატომ არის განსხვავებული ვაუჩერი 1-8 და 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის?
- რატომ არის განსხვავებული ვაუჩერი 1-8 კლასის არაქართულენოვანი და ქართულენოვანი სკოლების
მოსწავლეებისთვის?
- რატომ არის განსხვავებული საბაზო დაფინანსება ქართულენოვანი და არაქართულენოვანი
სკოლების მოსწავლეებისთვის?
- რატომ არ შეიძლება ყველა ხარჯი შევიდეს ვაუჩერის ფორმულაში და დამატებით არ ფინანსდებოდეს
ექიმის/ექთნის, ბილინგვური სასკოლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის, მასწავლებელთა
სტატუსით გათვალისწინებული დანამატები?
- რატომ არის განსხვავებული ვაუჩერი საჯარო და კერძო სკოლებს შორის?
- რის საფუძველზეა განსაზღვრული კერძო სკოლის მოსწავლის ვაუჩერი 300 ლარი ?
სტატიაში განხილულია ის ტენდენციები, რომელიც ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემისთვისაა
დამახასიათებელი. რეფორმის საწყისი ეტაპი, მეტნაკლებად სამართლიანი და თანაბარი იყო. მომდევნო ეტაპზე კი საჯარო სკოლების პრივილეგია, აშკარად გამოიკვეთა დაფინანსების თვალსაზრისით და კერძო
სექტორი კი დარჩა ყურადღების გარეშე.
ჩემი რეკომენდაციის მიხედვით, საჭიროა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლის
დაფინანსების ახალი ფორმულის შემუშავება, რომელიც იქნება სამართლიანი, გამჭვირვალე, სწავლასწავლების ხარისხის ამაღლებასა და სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული.
დღეს საჯარო სკოლა კი არ ვითარდება - მხოლოდ სულდგმულობს. სკოლის ვაუჩერი ფარავს
ხელფასებს და კომუნალურ ხარჯებს. არიან სკოლები რომლებიც კომუნალურ ხარჯებსაც ვერ ფარავენ და
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დოტაციაზე არიან. ამიტომ ვფიქრობ, ვაუჩერში არ უნდა
შედიოდეს კომუნალური ხარჯები (ბუნებრივი აირი, ელ. ენერგია, წყალი), რომელიც მუდმივად მზარდია
და სკოლის დაფინანსების დიდ ნაწილს შეადგენს. ეს ხარჯი უნდა ჩაიდოს ადგილობრივი
თვითმმართველობების ბიუჯეტში.
ვაუჩერი უნდა ფარავდეს:
- თანამშრომელთა ხელფასებს;
- სასკოლო თვალსაჩინოებებისა და სწავლებისათვის საჭირო სასწავლო რესურსის ხარჯს;
- მასწავლებელთა/თანამშრომელთა ტრენინგების ხარჯს;
- სასკოლო პროექტებისა და გრანტების ხარჯს;
- და ა.შ.
აუცილებელია ვაუჩერის ოდენობა იძლეოდეს სკოლის განვითარების საშუალებას. როგორც ცნობილია
ყველა სკოლას აქვს მისია და სტრატეგიული მიზნები, ზუსტად მიზნების განხორციელებისთვის არის
საჭირო სრულყოფილი ვაუჩერი.
კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო ზოგად განათლებას სრულად აფინანსებს. ზოგადი
განათლების დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს ერთ მოსწავლეზე გათვლილ
ფინანსურ ნორმატივს და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის რაოდენობას. ვაუჩერი არის
მოსწავლის და რომელ სკოლაშიც არ უნდა გადავიდეს - მისი რაოდენობა არ უნდა იცვლებოდეს!