მუსიკალურობა ჟან რასინის "ესთერის" და "ათალიას" პოეტიკაში

Main Article Content

Eka Kvantaliani

ანოტაცია

ჟან რასინის შემოქმედებაში ლექსის მუსიკალობას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ამ მხრივ
გამორჩეულია მისი ძველაღთქმისეული შინაარსის მქონე, ბიბლიური სახე – სიმბოლოებით აღსავსე პიესები:
„ესთერი“ და „ათალია“. ისინი XVII საუკუნის ერთ-ერთი პირველი მუსიკალურად გაფორმებული დრამებია, რომელზეც მრავალი ოპერა და ორატორიო შეიქმნა და იქმნება დღესაც. მუსიკის გამოყენება სპექტაკლში ისედაც
ქმნის დრამატურგიულ და ფორმალურ პრობლემებს, თუმცა განსაკუთრებით რთულია ამის წარმოდგენა ბიბლიური
პასაჟებით სავსე დრამების კონტექსტში. ცენტრალური საკითხი „მუსიკალიზაციის“ მხრივ „ესთერის“ და „ათალიას“
ტექსტების პოლიფონიურობაა, რომელიც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდებულად წარმოჩინდა ქოროს
სიმღერებითა და მუსიკის აკომპანირების თანხლებით. მართალია, ეს ქმნილებები ემიჯნებოდა, რასაც კლასიკური
გაგებით საოპერო ნაწარმოები ჰქვია, თუმცა, სწორედ, სენ-ლუის სამეფო სახლის, სენ-სირის სასწავლებლის
გოგონების შესრულებულმა „ესთერმა“ და „ათალიამ“ ფრანგული თეატრის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი
შეიტანა და საფუძველი ჩაუყარა ოპერის განვითარებას: სპექტაკლები მთლიანად ან ნაწილობრივ მუსიკის
თანხლებით სრულდებოდა. ჟან რასინმა, ფაქტობრივად, მე-17 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ფრანგული
ენის ჟღერადობა და მუსიკალობა პოეზიის ტკბილხმოვანი რითმებით ზენიტში აიყვანა ზემოთხსენებული
ბიბლიური დრამებით. ამ ორ პიესაში მუსიკის კავშირი მწერლის ენასთან განსაკუთრებული თვალსაზრისითაა
წარმოდგენილი, კერძოდ, მუსიკალობა განხილულია ესთეტიკური ან დრამატული სპეციფიკით პოეზიასთან
ტანდემში. კონკრეტულიდან დაწყებული და უფრო ზოგად მოსაზრებებზე გადასვლით, ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ
„ესთერისა“ და „ათალიას“ პოეტიკაში შემდეგი ურთიერთმიმართება: მუსიკა და ავტორის სამწერლობო ენა, მუსიკა
და პოეზია, მუსიკა და ტრაგედია. „ესთერში“ და „ათალიაში“ ლექსის სტრუქტურა რიტმულად არის
წარმოდგენილი. ალექსანდრიული საზომი საშუალებას აძლევდა ავტორს რითმების ევფონიურობის
წარმოჩენისათვის, ასევე მუსიკალურადაც შესანიშნავად აღიქმება ეს ორი პიესა. ცნობილია, რომ ჟან რასინი
ნოტებზე ქმნიდა თავის დრამებს. ჰარმონიული ნაზავი მუსიკისა ტრაგედიასთან ზემოთხსენებულ ნაწარმოებებში,
ფრანგული გრძელი და მოკლე მარცვლების ფონზე, აღმავალი და დაღმავალი მახვილით შესანიშნავ მაგალითებს
იძლევა. მე-17 საუკუნის ბოლომდე ფრანგი დრამატურგები და თეორეტიკოსები არა მხოლოდ ოპერის ელემენტებზე
და ორატორიოზე იყვნენ ორიენტირებული თეატრალური სანახაობისას, არამედ გარკვეული დრამატურგიული
პირობები შემოქონდათ, რომლითაც მუსიკის მიღმა, აუცილებელი იყო ტექსტის სიტყვების აღქმა-გაგება. ეს
მოთხოვნა ასახავს აბსოლუტიზმის ეპოქის ფრანგულ რეალობას, მუსიკის პოეტური ფუნქცია სცენაზე არ
განიხილებოდა ვერბალური მნიშვნელობის მიღმა, რაც შესანიშნავად აისახა ჟან რასინის „ესთერსა“ და „ათალიაში“.
ზოგიერთი ევროპელი ლიტერატორი და მუსიკოსი, რასინის დრამებში პოეზიის მუსიკალობას მოცარტის მუსიკაზე
აღმატებულად თვლიდა, ამის დასტურია მე-19 საუკუნეში გამოცემული წიგნი: „პოეზია და მუსიკა თუ რასინი და
მოცარტი“, რომელიც ჟან რასინის დრამატურგიას მიუძღვნეს.

საკვანძო სიტყვები:
რასინი, ბიბლიური დრამები, კლასიციზმი, ტექსტების პოლიფონიურობა, მუსიკალურობა.
გამოქვეყნებული: ივნ 5, 2025

Article Details

სექცია
ლიტერატურა და ლინგვისტიკა