ტოქსიკური სიყვარული არისტოფანეს კომედიაში „ლისისტრატე“
Main Article Content
ანოტაცია
სიყვარულის თემას ანტიკური ლიტერატურის მკვლევრები არც ისე ხშირად მიმართავენ. არისტოფანეს
კომედიაში „ლისისტრატე“ ბევრი საინტერესო თემა მუშავდება, როგორიც არის: ომისა და მშვიდობის პრობლემები,
ქალი-ლიდერის როლი საზოგადოებაში, კომიკური კათარსისის ფუნქცია და სხვ. ჩვენი მიზანია, არისტოფანეს ეს
ცნობილი კომედია სრულიად სხვა ასპექტით წარმოვადგინოთ და სიყვარულის თემა წამოვწიოთ წინა პლანზე.
ფაქტობრივად, არასდროს გამხდარა ეს საკითხი შესწავლის საგანი. უფრო მეტიც, მეცნიერთა დიდი ნაწილი თვლის,
რომ ანტიკურ ლიტერატურაში სიყვარულის მოტივი არ უნდა ვეძებოთ აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკამდე“.
ჩვენ სწორედ საპირისპიროს მტკიცებას შევეცდებით. ალბათ, ლისისტრატეს მიერ ორგანიზებული გაფიცვა ქალთა
პირველი მასობრივი გაფიცვა იყო. არისტოფანეს გაფიცული ქალები მამაკაცთა მოსპობას კი არ ცდილობენ, არამედ
მათთან ერთიანობისაკენ მიილტვიან. ნაწარმოების კომიზმი იმაში მდგომარეობს, რომ გმირთა მიერ დასახული მიზანი
სერიოზულია, მაგრამ მის მისაღწევად გამოყენებული საშუალება – არასერიოზული (მშვიდობის დამყარება ხდება
სექსუალურ მხარეზე, ემოციებზე, სიყვარულზე აქცენტის გადატანით), თუმცა ჩამაფიქრებელი (Hall 2007: 67-72).
ქალების, რომელთაც ჰყავთ გამოკვეთილი ლიდერი, მიზანი არის არა თავად მამაკაცების, არამედ მხოლოდ
მათი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქციის, ომის წარმოების ჟინის, ნეიტრალიზაცია. ამ მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად,
მამაკაცების ქალთა წინაშე კაპიტულაციას მოასწავებს. ეს შედეგი კი, ლისისტრატეს სწორად ორგანიზებულმა, კარგად
მოტივირებულმა და რაც მთავარია, სწორად შერჩეულმა პოლიტიკამ – დროებით უარი ეთქვათ მამაკაცებისთვის
სიყვარულზე – მოიტანა.