რას ნიშნავს მასიური ადამიანი? ინდივიდის აღზრდა და განათლება
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში ნაჩვენებია მასიური ადამიანის არსებობა თანამედროვე საზოგადოებაში და ინდივიდის გაქრობა.
ეს პროცესი არ დაწყებულა შემთხვევით, ეს იდო ჰომოსაპიენსში და ამას დიდი დრო დასჭირდა. იყო დრო, როცა
ჰომოსაპიენსი იყო სამყაროს მბრძანებელი. მან შეძლო ყველაფრის დამორჩილება და არა მარტო დამორჩილება,
არამედ განადგურება ყველაფრის, ანუ ინდივიდის განადგურება. ჰომოსაპიენსი დაუპირისპირდა ყველაფერს:
ეროვნულს, ტრადიციულს, სწორ ღირებულებებს და რეალობაში გაჩნდა მსოფლიო მოქალაქე, რომელიც შეიძლება
ჩაითვალოს ხელოვნურ ადამიანად. სტატიაში განხილული გვაქვს ჯემალ ქარჩხაძის პრეისტორიული მოთხრობა
„იგი“, სადაც მკაფიოდ ჩანს ჯოგის, როგორც მწერალი ამბობს, ცხოვრება და თანდათან პიროვნების ფერიცვალება
ანუ იგის. ეს გამოიხატება მის გარეგნულ ცვლილებებში. თუ ჯოგი დადიოდა მოხრილი, იგი ნელ-ნელა გასწორდა
და ის დაუპირისპირდა თემს ანუ უპირისპირდება იმ საზოგადოებას, სადაც თავად ცხოვრობს, ესე იგი
უპირისპირდება უსამართლობას. იგი მსხვერპლი ხდება, მაგრამ განვითარება მოითხოვს მსხვერპლს და ხდება
ახალი საზოგადოების ნელ-ნელა დაბადება. ნაწარმოები მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „იგიში ის დარჩა რაც
იგიში იყო“. საზოგადოების განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ.
ჰომოსაპიენსი შეიცვალა ჰომოფაბერად. მოხდა გაქრობა მოაზროვნე ადამიანის და გამრავლება მასიური ადამიანის.
როგორია მასიური ადამიანი? ადამიანი, რომელიც ყველაფერზე იცინის, ყველაფერზე ტაშს უკრავს, ყველაფერზე
ტირის და კითხვაზე, რატომ არის ასეთი, პასუხი არ აქვს. პასუხი ერთია, ის მასიური ადამიანია. ძალიან კარგად
არის მოცემული ეს ჭაბუა ამირეჯიბის რომანში „დათა თუთაშხია“. აბელი, იმედი, მისი საზოგადოება. მათ ჯოგს
უფრო დავარქმევდი. გადიან გვირაბის თავიდან ბოლოში და იმ გზას იმედს, არქიფოს იმედს უწოდებენ. მასიური
ადამიანი დაავადებულია ნიჰილიზმის სენით. ნიჰილიზმის სამი სტადია არსებობს. პირველი - კომფორტის
მოყვარული, რაც ასე მრავლადაა თანამედროვე საზოგადოებაში. მეორე საფეხური, რომელიც ცხოვრობს მხოლოდ
გრძნობადი სიამოვნებისათვის და მისთვის პატრიოტიზმი, მეგობრობა, სიყვარული „სასაცილოა“ და
მატერიალურის მოხვეჭის შემდგომ მედიდურად ახდენენ საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირებას და ამით
სიამოვნებას. მესამე საფეხური ეს არის ძალაუფლების სიყვარული და ლტოლვა ძალაუფლებისაკენ. არა აქვს
მნიშვნელობა, შენ ამას იმსახურებ თუ არა, როგორია შენი განათლება, გაქვს თუ არა გააზრებული პასუხისგებლობა,
შეგიძლია გააკეთო სწორი არჩევანი. რომ იყო ხელისუფალი, ეს ძალიან დიდი ტვირთია, ხალხისთვის სამსახურია.
ასეთ გარემოში ძნელია სკოლამ, ოჯახმა, სოციალურმა გარემომ აღზარდოს თავისუფალი, ბედნიერი, ღირსეული
პიროვნება. სამწუხაროდ, დღეს სკოლის წინაშე უამრავი შეკითხვა არსებობს: რატომ სჭირდება პირველი, მეორე,
მესამე კლასის მოსწავლეს რეპეტიტორთან სიარული? რატომ არ დადიან სკოლაში მე-11, მე-12 კლასის
მოსწავლეები? რატომ არ უნდათ და არ უხარიათ მოსწავლეებს სკოლაში სიარული? რატომ არის
სახელმძღვანელოები ასეთი, რომლისგანაც განათლებას ვერ მიიღებ? ამდენი გატარებული განათლების რეფორმა და
შედეგი არ არის? რატომ ხდება მოსწავლეებში ამდენი დანაშაული? ეს კითხვები ყველა პასუხგაუცემელია.