ჟან რასინის „ესთერის“ და „ათალიას“ – ბიბლიური ტრაგედიების დრამატურგიული სპეციფიკა
Main Article Content
ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილია ჟან რასინის ბიბლიურ მოტივებზე შექმნილი დრამების – „ესთერი“-სა და
„ათალია“-ს დრამატურგიული თავისებურებანი. ჟან რასინი, როგორც კლასიციზმის ესთეტიკის წარმომადგენელი,
თემებს ანტიკურობიდან იღებდა და მის კლასიცისტურ ტრაგედიებში დაცული იყო დროის, ადგილისა და
მოქმედების ერთიანობის კანონი. ჟან რასინის „ესთერი“-ს და „ათალია“-ს ძირითადი ლიტერატურული წყაროები
ბიბლიურ სიუჟეტებს ეფუძნება. ამ ტრაგედიებში იკვეთება ავტორის ინოვაციური ხელწერა, მაგალითად, „ესთერი“
სამმოქმედებიანი დრამაა, ხუთის ნაცვლად და „სამი ერთიანობის“ კანონიც დარღვეულია (დრამის მოქმედება
სცდება 24 საათში განვითარების სავალდებულო წესს), რაც სიახლე იყო მე-17 საუკუნის კლასიციზმისთვის.
„ესთერი“-სგან განსხვავებით, „ათალია“ ტრადიციული ტრაგედიაა ხუთ მოქმედებაში, თუმცა აქაც იკვეთება
რასინისეული ინოვაციები, მაგალითად: ქორო წარმოდგენილია მხოლოდ თითოეული მოქმედების ბოლოს, რაც
პიესას პოეტურ და სულიერ განზომილებას ანიჭებს.
სტატიაში გაანალიზებულია რასინისეული ბიბლიურ სიუჟეტებზე რეინტერპრეტირებული დრამების
„ესთერი“-სა და „ათალია“-ს პოეტიკის ბიბლიური სიმბოლიკის კვლევა, ისტორიული სახელების სემანტიკური
ანალიზი, პერიფრაზირება, ტროპული აზროვნების მაგალითების გააზრება და სხვ. ასევე განხილულია პიესებში
ანტიკურობის ელემენტებისა და ბიბლიური მოტივების სინთეზი. ჟან რასინმა თავისებურად
რეინტერპრეტირებული რელიგიური დრამებით – „ესთერი“ და „ათალია“, სრულიად ახალი, ორიგინალური
კლასიცისტური ნაწარმოებები შექმნა და ფაქტობრივად, სათავე დაუდო ბიბლიურ ტრაგედიებს მე-17 საუკუნის
საფრანგეთში. ეს პიესები ღირსეულ მეტოქეობას უწევს დღესაც იდეალურ ესთეტიკურ ეტალონებად
გამოცხადებულ კლასიკურ დრამატურგიულ ნიმუშებს. თუმცა, დრამები ეყრდნობა როგორც ბიბლიურ მოტივებს
(ბერძნული და არამეული ძველაღთქმისეული ტექსტების ვარიანტებს), ასევე ებრაული თალმუდისა და თანახის
ნაწილს, ისტორიულ გადმოცემებს და ამასთანავე, აქვე იკვეთება ანტიკური ტრაგედიების გავლენაც.
მე-17 საუკუნის აბსოლუტიზმის ფონზე, დრამები – „ესთერი“ და „ათალია“ წარმოადგენს რასინის კარიერის
კულმინაციას, მის შედევრებს, თავისებურ ანდერძსა და ეპიტაფიას. ტრაგიკული წინააღმდეგობები არასოდეს
ყოფილა ასე მკვეთრად მიახლოებული ღვთისმეტყველებას.