ინტერკულტურული განათლების პერსპექტივები საქართველოს ისტორიის სწავლებისას

Main Article Content

თამარ ფხალაძე
დავით მალაზონია

ანოტაცია

სტატიაში ყურადღება ფოკუსირებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეების
ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების საკითხებზე. კვლევის მიზანია, ფორმალური და
არაფორმალური გარემოს როლის შესწავლა მოსწავლეთა ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებაში, ასევე
სასკოლო საზოგადოების ინტერკულტურული მგრძნობელობის დონე და მის ფორმირებაზე მოქმედი ფაქტორები.
კვლევაში მონაწილეობა მიიღო 149 რესპონდენტმა (137 მოსწავლე და 12 მასწავლებელი). ინტერკულტურული
კომპეტენციის განსაზღვრისას შეფასდა სამი კომპონენტი: ცოდნა, უნარები და დამოკიდებულება პიროვნულ
დონეზე. დიაგნოსტირების ეტაპზე გამოიკვეთა, რომ ისტორიის მოქმედი სახელმძღვანელოები არ/ან ნაკლებად არიან
ორიენტირებულნი მულტიპერსპექტიული მიდგომებისა და კულტურული მრავალფეროვნების ინტეგრაციაზე.
მასწავლებლები ინტერკულტურულ კომპეტენციებს აიგივებენ ეთნიკურად მრავალფეროვან გარემოში არსებულ
გამოწვევებთან და ნაკლებად აცნობიერებენ მონოკულტურულ სკოლებშიც ამ კომპეტენციების განვითარების
საჭიროებას. მოსწავლეები ამჟღავნებენ დადებით დამოკიდებულებას განსხვავებული კულტურების მიმართ, მაგრამ
მათი ცოდნა ზედაპირულია და ხშირად იკვეთება კულტურული იერარქიების არსებობა მათ თვითშეგნებაში.
განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება დაფიქსირდა ყველა კომპონენტში,
განსაკუთრებით სტერეოტიპების ამოცნობის უნარის განვითარებასთან დაკავშირებით. ნაშრომის შედეგები
გამოყენებადია
ისტორიის სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებისთვის, სახელმძღვანელოებში
მულტიპერსპექტიული მიდგომების ინტეგრირებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში
ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარებისთვის, ასევე, სკოლის ორგანიზაციული კულტურის
ტრანსფორმაციისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციის პოლიტიკის ფორმირებისთვის. ინტერკულტურული
კომპეტენციების განვითარება წარმოადგენს ხანგრძლივ და მრავალეტაპიან პროცესს, რომელიც მოითხოვს სისტემურ
მიდგომას და არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ცალკეული საგნისა და მასწავლებლის ინდივიდუალური
ძალისხმევით. განათლების სისტემის ღრმა ტრანსფორმაცია საჭიროა ისეთი ინსტიტუციური ჩარჩოს შესაქმნელად,
რომელიც ეფექტურად მოამზადებს მოსწავლეებს აქტიური და პასუხისმგებელი მოქალაქეობისთვის.

საკვანძო სიტყვები:
ინტერკულ ёტურული კომპეტენცია, ისტორიის სწავლება, ინტერკულტურული განათლება, კულტურული მრავალფეროვნება, მულტიპერსპექტიული სწავლება.
გამოქვეყნებული: ოქტ 3, 2025

Article Details

სექცია
განათლების მეცნიერება