ლოჯისტიკის განვითარების ეკონომიკური სტრატეგია საქართველოში
Main Article Content
ანოტაცია
საქართველოსთვის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნისთვის, ლოჯისტიკის
განვითარება წარმოადგენს სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკური
ზრდის ტემპებს, ინვესტიციების მიმზიდველობასა და გლობალურ ბაზრებზე კონკურენტუნარიანობას.
გლობალიზაციის პროცესმა და საერთაშორისო ვაჭრობის დინამიკურმა ზრდამ მნიშვნელოვნად გაზარდა ეფექტიანი
ლოჯისტიკური სისტემების როლი, რაც საქართველოსთვის ქმნის როგორც შესაძლებლობებს, ისე გამოწვევებს. ბოლო
ათწლეულში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სატრანსპორტო და ლოჯისტიკური
ინფრასტრუქტურის განვითარებაში. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ თვალსაჩინოა ისეთი პრობლემები, როგორიცაა
სატრანსპორტო დერეფნების არასაკმარისი ინტეგრაცია, საბაჟო და სასაზღვრო პროცედურების ხანგრძლივობა,
ტექნოლოგიური დანერგვის დაბალი დონე, მწვანე ლოჯისტიკის მიმართულებით ჩამორჩენა. სტატიაში
გაანალიზებულია ლოჯისტიკური სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები და მათი გავლენა
საქართველოს ეკონომიკაზე. პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სატრანსპორტო დერეფნების
მოდერნიზებას და მათ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. „შავი ზღვის პორტები - შუა კორიდორის“
კონტექსტში საქართველო შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ცენტრად (ჰაბად), რომელიც უზრუნველყოფს ევროპის,
კასპიისა და აზიის ქვეყნებთან სწრაფ და ეფექტიან კავშირს. მეორე, ტექნოლოგიური ინტეგრაცია წარმოადგენს
კრიტიკულ კომპონენტს. ციფრული პლატფორმების დანერგვა, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების გამოყენება და სმარტ
ლოგისტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს ოპერაციულ ხარჯებს და ზრდის სიზუსტეს. ასეთმა ინოვაციებმა შეიძლება
საქართველო აქციოს რეგიონის მოწინავე ქვეყანად ლოჯისტიკურ მომსახურებაში. მესამე, მწვანე ლოჯისტიკა და
ეკოლოგიური სტანდარტების დაცვა თანდათან იქცევა საერთაშორისო მოთხოვნად. საქართველოსთვის
მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანი ტრანსპორტის ხელშეწყობა, ალტერნატიული ენერგიის გამოყენება და
ნახშირბადის ნაკადის შემცირება. ეს გააუმჯობესებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს, გაზრდის მისი პროდუქციის
კონკურენტუნარიანობას გარემოსდაცვითად მგრძნობიარე ბაზრებზე. მეოთხე, კერძო და საჯარო სექტორებს შორის
პარტნიორობა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ინსტრუმენტს. სახელმწიფოს როლი მდგომარეობს
ლიბერალური და სტაბილური პოლიტიკის უზრუნველყოფაში, ხოლო კერძო სექტორის ჩართულობა აუცილებელია
ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებში, ინოვაციურ ტექნოლოგიებში და მომსახურების ხარისხის ზრდაში. კვლევის
შედეგები ცხადყოფს, რომ ლოჯისტიკის სისტემური განვითარება ხელს შეუწყობს საგარეო ვაჭრობის დინამიკის
გაუმჯობესებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს შიდა ბაზრის ეფექტიანობისთვის.