კომუნიკაციის კოდური მოდელი: მისი ამჟამინდელი სტატუსი და რელევანტურობა ლინგვისტიკაში
Main Article Content
ანოტაცია
კომუნიკაციის შესახებ არსებულ იმგვარ ხედვას, რომ კომუნიკაცია არის გზავნილის გადაცემა და მიღება
კოდის საშუალებით, რომელიც აკავშირებს გზავნილსა და სიგნალს, როგორც წესი, მიაკუთვნებენ კომუნიკაციის
კოდურ მოდელს. თანამედროვე პრაგმატიკამ ნათელი გახადა, რომ მოდელს არ შეუძლია ახსნას კომუნიკაციის
პროცესში ჩართული მრავალი ასპექტი და მის ალტერნატივად კომუნიკაციის ინფერენციული მოდელი შემოიტანა
და განავითარა. მიუხედავად ამისა, კოდურ მოდელზე დაფუძნებული იდეა კვლავ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
კომუნიკაციის ხედვაზე. კითხვა იმის შესახებ, ამ მოდელმა უკვე დატოვა თუ არა ლინგვისტური სცენა ტრადიციულ
სტრუქტურალიზმთან ერთად, თუ ის ახლა უკვე მოდიფიცირებული სახით გვევლინება, მრავალი თეორეტიკოსის
განხილვის საგანი გახდა. შემოთავაზებული ნაშრომი არის მცდელობა თავი მოუყაროს ამ პრობლემური საკითხის
ირგვლივ წარმოშობილ თვალსაზრისებს. ნაშრომში ძიურითად მიზნად ვისახავთ პასუხი გაეცეს კითხვას: კოდური
მოდელი კვლავ კომუნიკაციის წამყვან მოდელად რჩება დღევანდელ ლინგვისტიკაში, თუ მან დაკარგა ეს სტატუსი,
რადგან ბოლოსდაბოლოს ის კომუნიკაციის ალტერნატიულმა მოდელებმა ჩაანაცვლეს. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა
მოითხოვს თავად მოდელის წარმოშობის, მისი გავლენის შედეგების და, ასევე, იმ ძირითადი მიზეზის განხილვას,
რამაც მისი ამგვარი ძლიერი გავლენა განაპირობა.